თეთრი სახლი ამ კვირაში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
13 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ამ კვირაში უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დააანონსა.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ტემპთან დაკავშირებით ვითარების კომენტირებისას, ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი იარაღი უკანასკნელი პაკეტიდან ბრძოლის ველზე "ამ კვირაში" გამოჩნდება.
"და ჩვენ გვექნება კიდევ ერთი PDA (იარაღის მიწოდება აშშ-ს არმიის საწყობებიდან. – რედ.) პაკეტი უახლოეს დღეებში, რადგან ვცდილობთ რეალურად დავაჩქაროთ მიწოდების ტემპი, ვაღიარებთ, რომ დაგვიანების გამო, უკრაინა სახიფათო სიტუაციაშია და ჩვენ ვცდილობთ ვითარების შეცვლას, რაც შეიძლება სწრაფად," - აღნიშნა სალივანმა.
მან ასევე განმარტა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს გააძლიეროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი სამხედრო დახმარების პაკეტები ყოველკვირეულად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს უკრაინისთვის თითქმის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაუყოვნებლივ გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება საბოლოოდ დაიბრუნოს ინიციატივა ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინის ფართომასშტაბიანი შეტევა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.