თეთრი სახლი რუსული Il-76-ის ჩამოვარდნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს
თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა რუსულ Il-76-ს, რომელიც 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბმ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ." - თქვა მან.
კირბის თქმით, თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს Il-76-ის ინციდენტის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მოუწოდა "ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება და დაადგინონ ფაქტები."
კონტექსტი
24 იანვარს ნაშუადღევს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონში სამხედრო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. უკრაინის გენერალური შტაბის წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ თვითმფრინავს S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.
რუსული Il-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ, არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ მასში სავარაუდოდ ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იყო.
უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ის ვითარებას იკვლევს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა და ეს ჯერ არ მომხდარა.