თეთრი სახლი: ზელენსკის ვიზიტი ომის ახალი ფაზის დაწყებას უკავშირდება
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში პირველ რიგში ბრძოლის ველზე მიმდინარე მოქმედებებით და იმით არის განპირობებული, რომ ომის ახალი ფაზა იწყება.
ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად, როდესაც პუტინის ამ აგრესიული ომის ახალ ფაზაში შევდივართ, სწორედ ახლა არის საუკეთესო ლიდერისთვის რათა პირისპირ დასხდნენ და დაილაპარაკონ",- განაცხადა კირბიმ.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მომდევნო პაკეტები იქნება. კირბის თქმით, ლიდერები ასევე ისაუბრებენ კონფლიქტის დასრულების შესაძლო სცენარებზე, რაც დასავლელ ლიდერებს შორის გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტები ისაუბრებენ იმაზე თუ რა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის აღქმაში სამართლიანი მშვიდობის პირობები, რა არის მისი კომპონენტები და რითი შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინის ამ პირობების მიღწევაში",- თქვა კირბიმ.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის ვლადიმირ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობიან მოლაპარაკებებში, მისი მთავარი მიზანი მეტი უკრაინელის მოკვლაა.
კონტექსტი
22 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ეწვევა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება. ბაიდენთან შეხვედრის გარდა პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით წარდგება კონგრესის წინაშეც.
ეს ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იქნება. საჯაროდ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია.
წყაროების ცნობით, ვიზიტი სპონტანურად 11 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიგეგმა.