The Economist-მა 2024 წლის ყველაზე დიდ საფრთხედ ტრამპის მეორე ვადა დაასახელა
ბრიტანული The Economist მომავალი წლის მთავარ გლობალურ საფრთხედ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ასახელებს.
16 ნოემბერს გამოშვებულ ტრადიციულ ნომერში, რომელიც მომდევნო წლის გლობალური საფრთხეების და რისკების ანალიზს ეძღვნება, ნათქვამია, რომ ტრამპის მეორე ვადა მსოფლიოს სტაბილურობისთვის უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე პირველი.
"ჩინეთი და მისი მეგობრები კვლავ ისარგებლებენ ამერიკული დემოკრატიის დისფუნქციურობით. ვლადიმირ პუტინს მიიღებს სტიმულს უკრაინასთან ომი მაქსიმალურად გააჭიანუროს და აარჩიოს ახალი მსხვერპლი პოსტ-საბჭოთა სივრციდან, მოლდოვა ან ბალტიური სახელმწიფოები",- ნათქვამია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
სტატიის ავტორების აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის - "აშშ-ს მორალური ავტორიტეტი შემცირდება, რადგანაც ისინი აირჩევენ ადამიანს, რომელიც იციან რას წარმოადგენს."
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ტრამპი თავის მეორე ვადაში ამერიკის დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტებას და დამორჩილებას შეეცდება.
კონტექსტი
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამ დროისთვის 91 სხვადასხვა სიმძიმის საქმეა აღძრული, მათ შორის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ათეულობით ფინანსური დარღვევის შესახებ.
თავად ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ "კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია."
ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, მის წინააღდეგ სასამართლო პროცესების დაწყების შემდეგ ტრამპის რეიტინგი მცირედით გაიზარდა.
გასულ კვირას New York Times-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა - კვლევის მიხედვით დონალდ ტრამპი ლიდერობს აშშ-ს 5 ე.წ. მერყევ შტატში, რომლებსაც მაღალი ალბათობით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ და რომელშიც 2020 წელს ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.