ტრამპი FBI-ს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დააბრუნონ ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტები

დონალდ ტრამპი აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს [FBI] მოუწოდებს "ადგილზე დააბრუნონ" მისი სახლიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტები. ამის შესახებ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა მის მიერ დაფუძნებულ სოციალურ ქსელში Thuth-ში წერს. 

ტრამპის თქმით, FBI-ს თანამშრომლებმა მისი ფლორიდის რეზიდენციიდან წაიღეს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც საადვოკატო საიდუმლოებს მოიცავდა. 

"დაჟინებით მოვითხოვ დააბრუნოთ დოკუმენტები იმ ადგილას საიდანაც აიღეთ. მადლობა",- წერს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი. 

9 აგვისტოს ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა დონალდ ტრამპის მარა ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში წაგების შემდეგ დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლიდან წაღებულ საიდუმლო დოკუმენტაციას ეხებოდა. 

ჩხრეკის ფარგლებში სამართალდამცველებმა ამოიღეს დოკუმენტების 11 ყუთი, მათი ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალებია. 

ამერიკულ პრესაში იწერებოდა, რომ ტრამპმა არჩევნების წაგების შემდეგ თეთრი სახლიდან 15 ყუთი წაიღო, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებს მოიცავდა. ამ დოკუმენტების ნაწილი ტრამპმა უკან დააბრუნა, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ მის საკუთრებაში რჩებოდა. 

ტრამპმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აშშ-ს კონსტიტუციის მეხუთე შესწორების თანახმად უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "უპრეცედენტო ჩხრეკა კუდიანებზე ნადირობა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა". 

მსგავსი სიახლეები