ტრამპი: მადურო და მისი მეუღლე დავაკავეთ და ქვეყნიდან გავიყვანეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

ვითარების არსი: "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად დატყვევებულია და ქვეყნიდან გაყვანილია. ეს ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი." - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

  • ტრამპმა პრესკონფერენცია თბილისის დროით 20:00 საათზე დააანონსა.

დაეწიე ამბავს: ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში მოითხოვა, რომ აშშ-მა წარადგინოს იმის მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პირველი ლედი სილია ფლორესი ცოცხლები არიან.

  • "ამ სასტიკი სიტუაციისა და თავდასხმის ფონზე ჩვენ არ ვიცით, სად იმყოფებიან პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პირველი ლედი სილია ფლორესი. ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობისგან, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს პრეზიდენტ მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელი მტკიცებულებები." - თქვა მან.

დიდი სურათი: შაბათს დილით ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებები მოხდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

  • სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამერიკული ავიაციის მიერ კარაკასის დაბომბვის კადრები.
  • დეკემბრის დასაწყისში მედია წერდა, რომ ტრამპმა ნიკოლას მადუროს ქვეყნის დასატოვებლად გარკვეული დრო მისცა, რის შემდეგაც ქვეყნის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები