ტრამპი მოითხოვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-სგან მეტი ნავთობი და გაზი შეისყიდონ
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-სგან მეტი ნავთობი და გაზი უნდა შეისყიდონ.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა აანაზღაუროს აშშ-სთან სავაჭრო დეფიციტი ნავთობისა და გაზის დიდი შესყიდვებით.
"თორემ იქნება ტარიფები!!!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
Bloomberg-ის ცნობით, 2022 წელს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირთან საქონელსა და მომსახურებაში 131 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. მისი წინა საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპმა უკვე დააწესა ტარიფები ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე.
ნოემბრის ბოლოს, G7-ის შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ "თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გაატარებს America First ("ამერიკა უპირველეს ყოვლისა") პოლიტიკას კლიმატის ან სავაჭრო სექტორებში, მაშინ ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი ევროპა."
ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააჟღერა ევროპაში რუსული თხევადი გაზის აშშ-დან იმპორტით ჩანაცვლების იდეა.
შეერთებული შტატები უკვე არის ევროპისთვის თხევადი გაზის უდიდესი მიმწოდებელი, მაგრამ რუსეთი მეორე ადგილს ინარჩუნებს.