ტრამპი: პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ იყო სრული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ.
ტრამპმა ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა.
"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გაავრცელა, მაგრამ ის არ იყო სრული. ვისურვებდი ვიხილო ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია სწორად მოიქცევა... ახლა ვნახავთ, იქნება, თუ არა რუსეთი შეთანხმების ნაწილი, თუ არა ეს მსოფლიოსთვის იმედგამაცრუებელი იქნება"- განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი ასევე გამოეხმაურა მისი წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტს მოსკოვში - მისი თქმით, ის უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მალე პირადად გაესაუბრება პუტინს. ტრამპის თქმით, აშშ და უკრაინა უკვე განიხილავენ ტერიტორიულ საკითხებს, მათ შორის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის თემას.
კონტექსტი
ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
პუტინმა ზავის სანაცვლოდ უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.
"ჩვენ თანახმა ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ ზავმა გრძელვადიან მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და აღმოფხვრას კონფლიქტის ძირეული მიზეზები"- განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზავთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება.
"როგორ გამოიყენებენ ამ 30 დღეს? იმისთვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ უკრაინას უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდონ? იმისთვის, რომ ახლადმობილიზებული დანაყოფები გაწვრთნან?"- განაცხადა პუტინმა.
ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა ამერიკული ადმინისტრაციის წინადადება იყო, რომელსაც უკრაინული დელეგაცია 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დათანხმდა.
ეს 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი შეხვედრა იყო თეთრ სახლში გამართული სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ ამერიკამ აღადგინა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა და მათი უარი მრავლისმეტყველი იქნება.
შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში რუსეთის დამანგრეველი ფინანსური ზომების შესახებ ისაუბრა დონალდ ტრამპმა 12 მარტს ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე
უკვე მოსკოვში იმყოფება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვის ცნობით, პუტინს საღამოს საათებში შეხვდება.