ტრამპის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იქნება
ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელმა ხუან მერჩანმა რამდენიმე მედიასაშუალებას უარი უთხრა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმის სასამართლო მოსმენიდან პირდაპირ ტრანსლაციაზე. ამის შესახებ CNN 4 აპრილს წერს.
მერჩანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის იურიდიულმა გუნდმა სასამართლო დარბაზში კამერების განთავსებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს "ცირკის" ატმოსფეროს შექმნის. თუმცა, მერჩანი ხუთ ფოტოგრაფს საშუალებას აძლევს ფოტოები სასამართლო პროცესის დაწყებისას გადაიღონ, "სანამ მათ სასამართლოს თანამშრომლები არ უბრძანებენ ნაფიც მსაჯულთათვის ადგილის გათავისუფლებას."
მანამდე ნიუ-იორკში ჩასულმა ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს სასამართლოში მას 33 მუხლით წაუყენებენ ბრალს. პროკურატურა მას ბიზნესში თაღლითურ საქმიანობასაც ედავება. ექსპრეზიდენტი ამ ბრალდებებს არ აღიარებს, პროკურორს ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.
30 მარტს, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საბრალდებო დასკვნა წარადგინეს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეში დონალდ ტრამპის მონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ "დუმილის სანაცვლოდ" ფული მისცეს. ყოფილმა პრეზიდენტმა თავად ნაფიც მსაჯულთა განაჩენს "პოლიტიკური დევნა" უწოდა.
ტრამპის ადვოკატმა ლინა ჰუბამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა მისი სასამართლო პროცესის სამართლიანობის.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ერთ-ერთი ფავორიტია, განაცხადა, რომ "სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იარაღად გადაქცევა, კანონის უზენაესობას თავდაყირა აყენებს."