ტრამპის სპეც. წარმომადგენლი უკრაინაზე: დავამყარებთ მშვიდობას ძალის მეშვეობით

გენერალი კიტ კელოგი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას ეხმიანება.

"ჩემთვის პატივია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დამნიშნოს ასისტენტად და სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში. მასთან მუშაობა ჩემთვის პრივილეგიაა და მზად ვარ დაუღალავად ვიმუშაოთ მშვიდობის დასამყარებლად ძალის მეშვეობით და დავიცვათ ამერიკის ინტერესები" - წერს კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე.

"მშვიდობა ძალის მეშვეობით" პოპულარული ფრაზაა ამერიკელ კონსერვატორებს შორის, რომელსაც, ხშირად, სხვადასხვა კონტექსტში იყენებენ. ეს ფრაზა განსაკუთრებით პოპულარული იყო ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის წლებში და მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედადაც მიიჩნეოდა. 

კონტექსტი 

კიტ კელოგის დანიშვნა დონალდ ტრამპმა 27 ნოემბერს გამოაცხადა. 

კიტ კელოგი ტრამპის პირველი ადმინისტრაციაში (2016-2020 წლებში) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობდა. 

ივნისში, გამოცემა Reuters წერდა, რომ კელოგმა ფრედ ფრიცთან ერთად დონალდ ტრამპისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების გეგმა წარუდგინა. 

გეგმის თანახმად, უკრაინის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყნის [უკრაინის] ხელმძღვანელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაწყებას დათანხმდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს რუსეთის იტყვის, ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდის.

კელოგისა და ფრიცის მიერ მომზადებული გეგმა ამ დრომდე დონალდ ტრამპთან ასოცირებული ყველაზე დეტალური გეგმაა, რომელიც ირწმუნება, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სწრაფადვე დაასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომს. 

გეგმის მიღების შემთხვევაში, ეს იქნება აშშ-ის მიმდინარე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება და, სავარაუდოა, რომ მას მოჰყვება წინააღმდეგობა როგორც ევროპელი პარტნიორებისგან, ასევე ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელებისგან. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა ტრამპთან დაკავშირებული America first Policy Institute-მა გამოაქვეყნა, რომელიც კანდიდატისთვის რეფორმების დოკუმენტს ამზადებს. 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინელებს დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარება შეწყდება. ასევე, უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში უკრაინას მივცემთ ყველაფერს, რაც საჭიროა რუსეთის არმიის გასანადგურებლად ბრძოლის ველზე" - ამბობს კელოგი. 

მოლაპარაკებებზე რუსეთის დასათანხმებლად, არსებული გეგმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გაყინვას განგრძობადი პერიოდით ითვალისწინებს.

ფრედ ფრიცის თქმით, გეგმის თანახმად, უკრაინას არ მოუწევს ტერიტორიების ფორმალურად დათმობა, თუმცა დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნოს. 

"ჩვენი მთავარი წუხილი ის არის, რომ კონფლიქტი გადაიზარდა გამოფიტვის ომში, რომელიც ახალგაზრდა კაცების მთელ თაობას გაანადგურებს" - ამბობს ფრიცი. 

გეგმის ავტორების მტკიცებით, ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ფრედ ფრიცის თქმით, ამ გარანტიების საკვანძო ელემენტი "უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა".

მსგავსი სიახლეები