ტრამპის თქმით, ზელენსკის ომი არ უნდა დაეშვა და მალე კარგ წინადადებებს აანონსებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა არამხოლოდ ვლადიმირ პუტინს დააკისრა, არამედ მის წინამორბედს და უკრაინელ პრეზიდენტს. ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში "კარგი" წინადადებები დააანონსა. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიბ ბუკელესთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. 

  • "ბაიდენს შეეძლო ომის თავიდან არიდება, ზელენსკის შეეძლო ომის თავიდან არიდება, ხოლო პუტინს ომი არ უნდა დაეწყო. სამივე დამნაშავეა, პუტინი მათ შორის პირველია"- განაცხადა ტრამპმა. 

  • ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის წინამორბედს არ ჰქონდა წარმოდგენა თუ რას აკეთებდა, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა. 

  • "მე მინდა შევაჩერო ადამიანების მკვლელობები და ვფიქრობ, რომ ამას კარგად ვუმკლავდებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კარგ სამშვიდობო წინადადებებს ვიხილავთ"- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი. 

Big Picture: ბუკელესთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Thruth-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ "ბაიდენმა და ზელენსკიმ ვერ აღკვეთეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყება. 

  • ამავე შეხვედრაზე ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ამერიკული PATRIOT-ების დამატებითი სისტემების შეძენის სურვილს ეხებოდა - "ის ყოველთვის რაკეტებს ითხოვს, შენ არ უნდა დაიწყო ომი, რომელსაც ვერ მოიგებ, მოწინააღმდეგესთან, რომელიც შენზე 20-ჯერ დიდია და ამის შემდეგ ვერ გექნება იმედი, რომ ვიღაცები რაკეტებს მოგცემენ."

Context: ამერიკელი პრეზიდენტის განცხადება რუსეთის მიერ 2025 წელს განხორციელებული ჯერჯერობით ყველაზე სისხლიანი სარაკეტო დარტყმის ფონზე ვრცელდება, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. 

  • ქალაქ სუმის ცენტრზე, მართლმადიდებლური ბზობის სადღესასწაულო წირვისას რუსეთის სარაკეტო დარტყმის კომენტირებისას ტრამპმა განაცხადა, რომ "ეს საშინელებაა და მათ შეცდომა დაუშვეს", ამასთანავე ტრამპს არ უხსენებია რუსეთი. 

  • რუსეთი არ იყო ნახსენები თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. 

მსგავსი სიახლეები