ტრასი: დონეცკში ბრიტანელი მოხალისის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს

რუსეთმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ბრიტანეთის მოქალაქის, მოხალისე პოლ ურის გარდაცვალებაზე, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების ტყვეობაში იყო. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

"შეძრწუნებული ვარ ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკის პოლ ურის გარდაცვალების გამო, ის უკრაინაში რუსი მარიონეტების ტყვეობაში იყო. ამაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტრასის თქმით, ური "უკრაინაში იყო, რათა დახმარებოდა უკრაინელ ხალხს რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში".

"რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. დამნაშავეები პასუხს აგებენ", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდის მიხედვით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივლისს რუსეთის ელჩი ანდრი კელინი დაიბარა, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის მთავრობის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ურის ტყვეობაში დაღუპვის შესახებ.

მსგავსი სიახლეები