გაერთიანებული სამეფო პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
გაერთიანებული სამეფო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ ის უკრაინაში ინტერვენციას დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ თრასმა განაცხადა.
"არაფერს გამოვრიცხავთ - უპასუხა თრასმა ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესებაზე - ჩვენ წარვადგენთ ახალ კანონპროექტს, რომლითაც რუსეთში კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება."
სამშაბათს, ქვეყნის პარლამენტში მსგავსი განცხადება პრემიერმა ბორის ჯონსონმაც გააკეთა.
უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. ქვეყნის ხელისუფლება და დასავლეთი შეშფოთებულია, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.