წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რუს ჟურნალისტს: მე მხარს ვუჭერ უკრაინას
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკკარტიმ ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტესტა რუსი რეპორტიორის განცხადება, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
რუსმა რეპორტიორმა თქვა, რომ მაკარტი არ უჭერს მხარს "უკრაინისთვის იარაღისა და დახმარების შეუზღუდავ და უკონტროლო მიწოდებას" და ჰკითხა, შეიცვლება თუ არა უახლოეს მომავალში აშშ-ის პოლიტიკა უკრაინაში დახმარების გაგზავნის შესახებ.
"არა, მე ხმას ვაძლევ უკრაინის დახმარებას. მე მხარს ვუჭერ უკრაინის დახმარებას. მე არ ვუჭერ მხარს იმას, რაც შენმა ქვეყანამ გაუკეთა უკრაინას. ასევე არ ვემხრობი თქვენ მიერ ბავშვების მკვლელობას", - თქვა მაკარტიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.
"ჩვენ გავაგრძელებთ [უკრაინის] მხარდაჭერას, რადგან დანარჩენი მსოფლიო ხედავს [სიტუაციას] ისე, როგორც არის", - განაცხადა მაკარტიმ.
სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი.
"მადლობას ვუხდი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რესპუბლიკელ კევინ მაკარტის რუსი "ჟურნალისტისთვის" მკაფიო პასუხის გაცემისთვის უკრაინის დახმარების შესახებ კითხვაზე", - დაწერა მან Telegram-ზე.
2022 წლის ოქტომბერში მაკარტიმ თქვა, რომ თუ აშშ-ის რესპუბლიკური პარტია შუალედურ არჩევნებში ნოემბერში გაიმარჯვებდა, მაშინ უკრაინის დახმარება 2023 წელს შემცირდებოდა.