თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში განაღმვითი სამუშაოების ჩატარების შესახებ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს სამ ქვეყანას შორის, რათა მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების საშუალებით უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ შავ ზღვაში არსებული ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ“, - იაშარ გულერი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაპრიანოვმა და თურქეთის თავადცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა შავ ზღვაში ნაღმების საწინააღმდეგო საზღვაო ჯგუფის შექმნის შესახებ (MCM Black Sea) ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს განაღმვით სამუშაოებს.

„MCM Black Sea-ს საქმიანობა მთლიანად მშვიდობიანი ხასიათისაა და არ არის რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის ურთიერთქმედების და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას, შავ ზღვაში ნატო-ს ყოფნასთან, ასევე, მიმდინარე შეკავებისა და თავდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებული ცვლილებების გარეშე“, - აცხადებენ ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინიციატივას ექნება მბრუნავი სამეთაურო სტრუქტურა და "წვლილს შეიტანს მოკავშირეების შეკავებისა და აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის პოზიციის გაძლიერებაში".

მსგავსი სიახლეები