თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი რეკორდულად გაზარდა
თურქეთში რუსული ურალის ნავთობის იმპორტი ამ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება.
ამის შესახებ Reuters ტრეიდერებზე, ასევე საფონდო ბირჟისა და ფინანსური ინფორმაციის კომპანიის (LSEG) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ თურქეთში ამ თვეში შესული ურალის ნავთობის რაოდენობა 1.4 მილიონ ტონას აჭარბებს და მალე 2022 წლის ოქტომბრის ყველა დროის რეკორდს, 1.43 მილიონ ტონას გადააჭარბებს.
LSEG-ის მონაცემებით, ანკარამ 1-დან 15 ნოემბრამდე რუსეთის პორტებიდან 800 ათას ტონაზე მეტი ურალის ნავთობი შეიძინა, რაც ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 200 ათასი ტონით მეტია.
თურქეთმა იაფი რუსული ნავთობის იმპორტი მას შემდეგ გაზარდა, რაც მისმა უდიდესმა გადამამუშავებელმა ქარხანამ STAR-მა, რომელიც აზერბაიჯანული SOCAR-ის საკუთრებაშია, ხელშეკრულება რუსულ Lukoil-თან დადო ამ ტიპის ნავთობის სასწრაფო შესყიდვაზე.
Lukoil-მა STAR-ისთვის ურალის მიწოდება ოქტომბერში დაიწყო და, სავარაუდოდ, ამ თვეში დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს მიაწოდებს, რაც ქარხნის სიმძლავრის ნახევარს უტოლდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შეკითხვები გაგზავნა ასამდე გემის 30 მფლობელთან, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსული ნავთობის დასავლეთის სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული ფასის ზღვრის საწინააღმდეგოდ ტრანსპორტირებაში.
2022 წლის დეკემბერში G7-მა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსული ნავთობის ექსპორტზე საზღვაო გზით ბარელზე $60-იანი ჭერი დააწესეს.
მაგრამ ნავთობის მსოფლიო ფასების ამჟამინდელმა ზრდამ ის გამოიწვია, რომ რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი 60 დოლარზე მაღალი ფასით იყიდება.