თურქეთმა სირიასა და ერაყში ქურთი მებრძოლების ბაზები დაბომბა

თურქეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ქურთ მებრძოლთა ბაზებზე ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. ეს ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას, სტამბოლში მომხდარი აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ გაავრცელა, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

ავიადარტყმების სამიზნე იყო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიის ქურთული ძალების (YPG) ბაზები, რომლებსაც, სამინისტროს თქმით,  თურქეთზე ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებენ.

"ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ჩვენი 85 მილიონი მოქალაქისა და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება და ვუპასუხოთ ჩვენს ქვეყანაზე მოღალატეობრივ თავდასხმას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.

ანკარა სტამბოლის აფეთქებაში PKK-ს ადანაშაულებს, რასაც ქურთული დაჯგუფება უარყოფს. Reuters-ის ცნობით, ბოლო დღეებში დაახლოებით 2 ათეული ადამიანი დააკავეს სტამბოლის აფეთქებასთან დაკავშირებით, მათ შორის ხუთი - ბულგარეთში.

თურქეთი ერთ-ერთია ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის წინადადებები ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ანკარა სკანდინავიურ ქვეყნებს ქურთი ბოევიკების შეფარებაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები