თურქეთში ინფლაციამ ისტორიული რეკორდი განაახლა და 83%-ს გადააჭარბა
თურქეთში წლიურმა ინფლაციამ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი განაახლა და ამჯერად 83%-ს გადააჭარბა - ეს 1998 წლის ივლისის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკვე მესამე წელია თურქეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება, ამის მიზეზი ის არის, რომ რეჯეფ თაიპ ერდოღანი ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ კონსენსუსს ებრძვის, რომლის მიხედვითაც საბაზისო განაკვეთის ზრდა ინფლაციის შენელებას უწყობს ხელს.
უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ერდოღანმა ცენტრალურ ბანკს ორჯერ მოთხოვა საბაზისო განაკვეთის შემცირება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ერდოღანმა ცენტრალური ბანკის 3 პრეზიდენტი დაითხოვა, რომლებიც დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდნენ.
გასულ კვირას სატელივიზიო გამოსვლაში ერდოღანმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საბაზისო განაკვეთი 10%-ს უნდა ჩამოცდეს, ამ დროისთვის მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.
"ჩემი ყველაზე დიდი ბრძოლა განაკვეთების წინააღმდეგაა, ჩემი ყველაზე დიდი მტერი განაკვეთებია",- თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა გააგრძელა განაკვეთების შემცირების პოლიტიკა იმ ფონზეც კი, როდესაც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების აბსოლიტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საბაზისო განაკვეთების ზრდის.
ერდოღანის აზრით საპროცენტო განაკვეთების შემცირება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რაც გაამყარებს ლირას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
ეკონომისტების აზრით, საბაზისო განაკვეთების შემცირება ლირის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარი მიზეზია - მხოლოდ მიმდინარე წელს თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 27% დაკარგა. გასულ, 2021 წელს იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ს შეადგენდა.
თურქეთის ეკონომიკის სტაბილურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს ისიც, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყანამ 182 მილიონი დოლარის მოცულობის საგარეო ვალი უნდა გაისტუმროს.