თურქეთში რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

სტამბოლში, ტაქსიმის რაიონში, სასტუმროს ნომერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პან-ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლაი კობრინეცი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV წერს.

რუსი დიპლომატი სტამბოლში ელჩების შეხვედრისთვის ჩავიდა. რუსი კოლეგები მასთან ტელეფონით დაკავშირებას მას შემდეგ ცდილობდნენ, რაც ის დილის შეხვედრაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ სასტუმროს თანამშრომლები კობრინეცის ოთახში შევიდნენ და მისი ცხედარი იპოვეს.

წინასწარი მონაცემებით, კობრინეცი გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ცხედარი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მორგში გადაასვენეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა კობრინეცის გარდაცვალება დაადასტურა, მაგრამ მიზეზი არ დააკონკრეტა.

მსგავსი სიახლეები