თურქმა პროკურორმა ხაშოგის მკვლელობის საქმის შეწყვეტა მოითხოვა
თურქმა პროკურორმა, რომელიც 2018 წელს საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობას იძიებს, სასამართლო პროცესის შეწყვეტა მოითხოვა.
Washington Post-თან აფილირებული ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის 26 მოქალაქე იყო ბრალდებული.
პროკურორმა საქმის საუდის არაბეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა მოითხოვა.
საქმის მოსამართლეებმა კონსულტაციებისთვის თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართეს.
ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში დაქირავებული მკვლელების რაზმმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
ხაშოგი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი მისი გვამი დაანაწევრეს.
ანალიტიკოსების აზრით, ანკარა ხაშოგის საქმის შეწყვეტას ერ-რიადთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის აპირებს.
ამერიკული დაზვერვის თანახმად, საუდელი დისიდენტის მკვლელობის შესახებ ნებართვა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამად ბინ სალმანს ჰქონდა გაცემული.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty international-ი თურქეთს ხაშოგის სასამართლო პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
ხაშოგის საქმის საუდის არაბეთისთვის გადაცემა „საქმის ჩაფარცხვის ტოლფასი იქნება“, ამბობს გავლენიანი ორგანიზაცია.
სუნიტური სამყაროს ორ გავლენიან ქვეყანას ბოლო წლებში დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ.
2017 წელს სპარსეთის ყურის დიპლომატიურ კრიზისში თურქეთმა კატარს დაუჭირა მხარი.
საუდის არაბეთი თურქეთს პოლიტიკური ისლამის მიმდევარი ჯგუფების წაქეზებასა და დახმარებაში სდებს ბრალს, რომლებსაც ერ-რიადი რეჟიმის სტაბილურობისთვის საფრთხედ აფასებს.
მოკლულის საცოლემ, ჰათიჯე ჩენგიზმა პროკურორის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.