თურქმენეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდებაზე რუსეთის განცხადებას აკრიტიკებს

თურქმენეთმა გაკვირვება გამოხატა რუსული მხარის განცხადებაზე "სხვა ქვეყნების" რუსეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის "გაზის ალიანსში" გაწევრიანებით დაინტერესების შესახებ.

აშხაბადმა ეს მიიჩნია, როგორც რუსეთის მცდელობა გააფართოვოს თავისი გავლენა ბუნებრივი აირის მიწოდების ჯაჭვზე ცენტრალური აზიიდან ჩინეთამდე.

ამის შესახებ სახელმწიფო კონცერნ თურქმენგაზის თავმჯდომარის მოადგილემ, მირად არჩაევმა განაცხადა.

კომენტარის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის, დიმიტრი ბირიჩევსკის განცხადება გახდა. მისი თქმით, მოსკოვი არ გამორიცხავს "გაზის სექტორში სამმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას" და იცის, "რომ მის მიმართ ინტერესს სხვა სახელმწიფოებიც იჩენენ."

"რა სახის "გაფართოების შესაძლებლობებზე" ვსაუბრობთ, რომელი "სხვა სახელმწიფოები" იჩენენ ინტერესს, რა დგას "სამმხრივი თანამშრომლობის" უკან გაზის სექტორში? რუსი დიპლომატის მიერ გამოყენებული გამარტივებული ფორმულირება არ სცემს პასუხებს ამ კითხვებს. აქ სრული სიცხადეა საჭირო, რადგან სხვა სახელმწიფოების, მათ შორის თურქმენეთის ინტერესები ზარალდება," - ამბობს არჩაევი.

მან გაიხსენა, რომ თურქმენეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდებაზე თანამშრომლობენ.

"ჩინეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობების განაწილების არსებული სქემა არ ითვალისწინებს თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის პროექტში მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას," - აღნიშნა თურქმენგაზის ხელმძღვანელის მოადგილემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე აშხაბადთან კონსულტაცია არცერთ მხარეს არ გაუვლია.

"ასეთი მიდგომა გაუგებარი და მიუღებელია თურქმენული მხარისთვის და ჩვენი ქვეყნის მიერ მიჩნეულია გაზის სექტორში საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრაქტიკასთან შეუსაბამოდ." - განაცხადა არჩაევმა.

კონტექსტი

ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარში ჩინეთისთვის გაზის მიწოდებით რუსეთი ლიდერობდა. რუსეთიდან ჩინეთში მილსადენისა და თხევადი ბუნებრივი აირის მთლიანმა მიწოდებამ 2.7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, თურქმენეთიდან - 2.2 მილიარდი.

2023 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, რუსეთი ჩინეთისთვის გაზის მეორე მიმწოდებელი გახდა თურქმენეთის შემდეგ. ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთმა 3.4 მილიარდი დოლარის გაზი გაყიდა, ხოლო თურქმენეთმა - 5 მილიარდ დოლარზე მეტი.

მსგავსი სიახლეები