თურქმენეთში გურბანგული ბერდიმუჰამედოვის პატივსაცემად ახალ ქალაქს აშენებენ

თურქმენეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა $5 მილიარდს დახარჯავს ახალი ქალაქის ასაშენებლად, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის პატივსაცემად შენდება.

65 წლის ბერდიმუჰამედოვმა, რომელიც ადრე კბილის ექიმი იყო, თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წელს 16 წლის შემდეგ დატოვა.

ის თავისმა შვილმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ჩაანაცვლა. თავად კი მას შემდეგ "მფარველის" ტიტულს ატარებს.

სწორედ ეს იქნება ახალი ქალაქის სახელი, რომელიც დედაქალაქ აშხაბადიდან 30 კილომეტრით იქნება დაშორებული.

ბერდიმუჰამედოვის ბრძანებით, ახალი ქალაქი გინესის რეკორდების წიგნში უნდა მოხვდეს, მაგრამ ჯერ უცნობია, რა კრიტერიუმით შეეცდებიან თურქმენები ამის მიღწევას.

ქალაქის მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის, დერიაგელდი ორაზოვის თქმით, ქალაქის მშენებლობის პირველი ფაზა $3.3 მილიარდი, ხოლო მეორე - $1.5 მილიარდი დაჯდება.

2020 წლის თებერვალში, როცა ქალაქის მშენებლობა თავდაპირველად დაანონსდა, აცხადებნენ, რომ მისი ღირებულება ჯამში დაახლოებით $1.5 მილიარდი იქნებოდა.

თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ავტოკრატიულ ქვეყნადაა მიჩნეული. მაგალითისთვის, ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" პრესის თავისუფლების ინდექსში ქვეყანა 180-იდან 177-ე ადგილზეა, უსწრებს რა მხოლოდ ირანს, ერიტრეასა და ჩრდილოეთ კორეას.

 

 

მსგავსი სიახლეები