თურქმენეთის მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად პრეზიდენტის შვილი წარადგინა

თურქმენეთის მოქმედი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი სერდარ ბერდიმუჰამედოვი მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია 14 თებერვალს, თურქმენეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.  

სერდარ ბერდიმუჰამედოვის კანდიდატურას მმართველი დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

"გამომსვლელებმა სერდარ ბერდიმუჰამედოვის გამორჩეული ლიდერულ და ორგანიზაციულ თვისებებზე ისაუბრეს. როგორც მოკრძალებულმა და სიმპატიურმა ადამიანმა, კარგმა მეოჯახემ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარმა, კოლეგების პატივისცემა დაიმსახურა." - ვკითხულობთ მისი მამის ვებ-გვერდზე.

მედიაში სხვა კანდიდატებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 12 მარტს არის დაგეგმილი. 

სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრეზიდენტის ერთადერთი ვაჟია. 2016 წელს ის პარლამენტის წევრად აირჩიეს. ოფიციალურ გამოცემებში მას "ხალხის შვილს" უწოდებენ.

2021 წლის თებერვალში სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატას და გახდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წევრი.

მსგავსი სიახლეები