ტუსკი: მთავრობაში არავის მივცემ უფლებას, თავისი პოზიცია ანტიუკრაინულ განწყობებზე დაამყაროს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავას რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარება.
ამის შესახებ მან TVN24-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ცხოვრებაში არავის მივცემ უფლებას ჩემს მთავრობაში სურდეს საკუთარი პოზიციის დამყარება რაიმე სახის ანტიუკრაინულ სენტიმენტზე, რადგან როდესაც საქმე ეხება ომს და ჩვენს, ისევე როგორც მთელი დასავლური სამყაროს ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციასთან მის დაპირისპირებაში, აქ ეჭვი არ შეიძლება იყოს," - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პოლონელმა პატრიოტმა აბსოლუტურად უნდა აღიაროს ეს არგუმენტები და უკრაინას რუსეთთან ომში სჭირდება როგორც ვარშავის, ისე მთელი თავისუფალი სამყაროს დახმარება.
მისი თქმით, ნებისმიერ სიტუაციაში, პოლონეთის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმედგაცრუებას, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ის ახლა ინტენსიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც ეს კარგად ესმით.
"არავითარი ყოყმანი არ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებისა და მხარდაჭერის შესახებ. ჩემთვის ეს უდავოა," - დასძინა პოლონეთის პრემიერმა.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ 15 იანვარს, ის გეგმავს შეხვდეს პრეზიდენტ ანჯეი დუდას, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, კიევში მისი მომავალი ვიზიტი განიხილოს.
ბოლო თვეებში კიევსა და ვარშავას შორის არაერთი პრობლემა დაგროვდა, მათ შორის, პოლონური ემბარგო უკრაინულ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე და პოლონელი გადამზიდავების მიერ საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირება.
გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პოლონეთთან "ყველა დონეზეა" კონტაქტი ორმხრივი პრობლემების მოსაგვარებლად.