Twitter-მა რუსეთის ხელისუფლების ანგარიშებზე შეზღუდვები გააუქმა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა კვლავ დაიწყო რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების ჩვენება რეკომენდაციების განყოფილებაში და ძიების შედეგებში. ამის შესახებ 8 აპრილს The Telegraph წერს.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ Twitter-მა რუსეთის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს გვერდების ჩვენება დაიწყო. ТАСС წერს, რომ მათ შორის, გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში.

Twitter-ის ყოფილი ტოპ მენეჯერი The Telegraph-თან საუბარში ვარაუდობს, რომ ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად გახდა შესაძლებელი.

"ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ცვლილება შემთხვევით ან კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილების გარეშე მოხდა", - განუცხადა მან გამოცემას.

Twitter-ს ანგარიშების რეკომენდაციებში დაბრუნების მიზეზზე ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.

კონტექსტი

2020 წლიდან Twitter აფიქსირებს მედიის და ადამიანების ანგარიშებს, რომლებიც სოციალური ქსელის მოდერატორების თქმით, კონკრეტული ქვეყნის მთავრობასთან კავშირი აქვთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვიტა იმ გვერდების პოპულარიზაცია და რეკომენდაცია, რომლებიც იმ "სახელმწიფოების საკუთრებაშია, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომას და მონაწილეობენ სახელმწიფოთაშორის შეიარაღებულ კონფლიქტებში."

კომპანიის წარმომადგენელმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება პირველ რიგში 300-ზე მეტ რუსულ ანგარიშს შეეხებოდა. 2022 წლის ოქტომბერში სოციალური ქსელის მფლობელი ილონ მასკი გახდა, რომელმაც კომპანიის პოლიტიკაში ფართომასშტაბიანი ცვლილებები დაიწყო.  

მსგავსი სიახლეები