"უჩვეულო ამბავი" - გაუჩინარების შემდეგ ცინ განგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ერთთვიანი აუხსნელი გაუჩინარების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განგი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს.
განგის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო მედია სააგენტომ გაავრცელა, რასაც წინ უძღოდა ჩინეთის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ნაჩქარევი და უჩვეულოდ ხანმოკლე სხდომა.
კომიტეტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი განგის გათავისუფლების მიზეზზე. ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით საგარეო საქმეთა მინისტრად ვან ი დაინიშნა, რომელიც პოსტს 2013-2022 წლებში იკავებდა.
სწორედ ვან ისგან გადაიბარა მინისტრის პორტფელი ცინ განგმა გასული წლის დეკემბერში.
"ამომავალი ვარსკვლავი"
ცინ განგის გაუჩინარება და ახლა უკვე გათავისუფლება განსაკუთრებით საყურადღებოა მისი თავბრუდამხვევი კარიერის ფონზე.
ცინ განგი სი ძინფინგის უახლოესი გარემოცვის წევრად და მის ერთ-ერთ მთავარ ლოიალისტად მიიჩნეოდა. ცინის კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის პოსტზე დაიწყო. მალევე ის უწყების პროტოკოლის სამსახურის უფროსად დაინიშნა - ამ პოსტზე ცინ განგი წლების განმავლობაში სი ძინფინგის ყველა საგარეო აქტივობის მთავარი ორგანიზატორი იყო.
მალევე ცინ განგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა პოსტზე დიდხანს არ გაჩერებულა და უკვე 2021 წელს აშშ-ში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩად დაინიშნა.
ამ თანამდებობაზე ცინ განგი ცოტა ხანი იმუშავა და უკვე 18 თვის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამ მომენტში ცინ განგი 57 წლის იყო, რაც ჩინური პოლიტიკის წესების მიხედვით საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია, მით უფრო საგარეო უწყებაში, სადაც როგორც წესი გამოცდილ კადრებს აფასებენ.
კომენტატორები ცინ განგის სწრაფ აღმასვლას კომპარტიის იერარქიაში სი ძინფინგის მფარველობით ხსნიდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ცინ განგი ჩინეთის საგარეო მიზნების ერთგულ მიმდევრად მიიჩნეოდა - თავის პირველ პრესკონფერენციაზე ტაივანის შესახებ დასმულ კითხვას ცინ განგმა სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან ერთ-ერთი ციტატით უპასუხა. ცინის მიერ მოყვანილ ციტატაში ნათქვამია, რომ ტაივანი სახალხო რესპუბლიკის წმინდა ტერიტორიაა.
ცინ განგი საჯაროდ ბოლოს 25 ივნისს, შრი-ლანკისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს გამოჩნდა. ამავე დღეს ცინ განგმა მიიღო სერგეი ლავროვის მოადგილე, ანდრეი რუდენკო.
ცინ განგი 10 ივლისს პეკინში უნდა შეხვედროდა ევროკავშირიის დიპლომატიის ხელმძღვანელს, თუმცა ჩინურმა მხარემ ვიზიტი დაწყებამდე 5 დღით ადრე გააუქმა.
ცინ განგი არ გამოჩენილა ივლისს დასაწყისში აშშ-ს ხაზინის უფროსის, ჯანეტ იელენის ვიზიტის დროსა, რომელიც ივლისის დასაწყისში შედგა. ცინ განგმა ასევე გამოტოვა კლიმატის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯონ კერის ვიზიტიც.
საყურადღებოა, რომ ცინ განგის გაუჩინარება აშშ-ს და ჩინეთს შორის გაზრდილი დიპლომატიური ჩართულობის და კავშირების ნორმალიზაციის მცდელობას დაემთხვა.
ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბუშტის სკანდალის შემდეგ აშშ და ჩინეთი ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობენ.