უკრაინა აშშ-ს უფრო მეტი F-16-ის პილოტის მომზადებას სთხოვს - Politico

Politico წერს, რომ დასავლელი პარტნიორები ამჟამად არ ამზადებენ საკმარის უკრაინელ პილოტებს F-16-ებისთვის, იმ თვითმფრინავების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებსაც მალე უკრაინა მიიღებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ საუბარია 30 მფრინავზე, რომლებსაც უფლება აქვთ დაუყოვნებლივ დაიწყონ სწავლება შეერთებულ შტატებში. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მას არ აქვს საკმარისი ადგილები - ამჟამად მაქსიმუმ 12 პილოტის მომზადებაა შესაძლებელი.

დანიასა და რუმინეთში ორ სხვა ობიექტს აქვს მსგავსი პრობლემა საწვრთნელ სივრცესთან დაკავშირებით.

გამოცემის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეხვედრებისა და ზარების სერიის დროს, უკრაინამ ოფიციალურად სთხოვა შეერთებულ შტატებს დამატებითი მფრინავების მომზადება მორისის ეროვნული გვარდიის ბაზაზე ტუსონში, არიზონაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ზეწოლა ამერიკელმა კანონმდებლებმაც მოახდინეს.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელ სამხედროებს განუცხადა, რომ სხვა ქვეყნებიც დგანან F-16-ებზე წვრთნების რიგებში და მათ არ შეუძლიათ დაარღვიონ თავიანთი ვალდებულებები ამ ქვეყნების წინაშე.

აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ეროვნული გვარდია სექტემბრის ბოლომდე, ტუსონის ბაზაზე 12 უკრაინელი პილოტის მომზადებას გეგმავს.

ყოფილმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან ანონიმურად განაცხადა, რომ ამ ტემპით უკრაინას 2025 წლის ბოლომდე გაწვრთნილი მფრინავების სრული ესკადრილია არ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები