უკრაინა: ჩვენი პორტებიდან უკვე 3.1 მილიონი ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული

"მარცვლეულის დერეფნის" ოპერირების 1.5 თვის განმავლობაში "დიდი ოდესის" პორტებით (ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენი) ექსპორტირებულია 3.1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

14 სექტემბერს, "მარცვლეულის ინიციატივის" ფარგლებში, ოდესის, ჩორნომორსკის და პივდენის პორტები 153 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთულმა ხუთმა გემმა დატოვა.

უკრაინის პორტებიდან, აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებისთვის განკუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციით, სულ 134 გემი გავიდა.

კონტექსტი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო პორტებიდან ექსპორტი დაბლოკა. მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პორტებში 22 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო.

22 ივლისს თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ. უკრაინამ დოკუმენტს ხელი თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა, იგივე გააკეთა რუსეთმაც.

ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დილით დატოვა.

მსგავსი სიახლეები