უკრაინა: დონბასში დამპყრობლების 14 შეტევა მოვიგერიეთ
კვირას, 29 მაისს, 21:00 საათისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფება ფეისბუქზე იტყობინება.
"უკრაინელის დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის მებრძოლებმა დღეს მტრის 14 თავდასხმა მოიგერიეს. ოკუპანტთან ბრძოლა გრძელდება კიდევ სამ ლოკაციაზე. ჩვენი მამაცი მეომრები რუს დამპყრობლებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის ზიანს აყენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში განადგურდა ოკუპანტების 11 საბრძოლო ჯავშანმანქანა, ორი საარტილერიო სისტემა, 10 მანქანა, ორი ფრთოსანი რაკეტა Х-59МК და სამი უპილოტო საფრენი აპარატი - Куб.
"მხოლოდ გასულ კვირაში გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 76 თავდასხმა. მათ გაანადგურეს 22 ტანკი, ერთი ერთეული სპეცტექნიკა, 17 საარტილერიო სისტემა, 67 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური ჯავშანმანქანა და 28 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-52, სამი ფრთოსანი რაკეტა და 25 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.