უკრაინა: ხუთი რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ

 

უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებით, ლუჰანსკში რეგიონში ხუთი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინის საზენიტო სისტემები განადგურებულია. 

უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთმა უკრაინული პოზიციების სარაკეტო დაბომბვა 24 თებერვლის დილის ხუთი საათიდან დაიწყო.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ბორისპილის, ოზერნოს, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობილის აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.

სააერტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მდებარე დასახლებები.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები