უკრაინა: მოვიგერიეთ რუსების ცხრა თავდასხმა, ბრძოლები ოთხ ლოკაციაზე გრძელდება
21 მაისს, 21:00 საათისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში რუსი დამპყრობლების ცხრა თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება ფეისბუქზე იტყობინება.
"უკრაინის დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის მებრძოლებმა დღეს მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს. ოკუპანტთან ბრძოლა გრძელდება კიდევ ოთხ ლოკაციაზე. ჩვენი მამაცი მეომრები რუს დამპყრობლებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის ზიანს აყენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, შაბათს განადგურდა ხუთი რუსული ტანკი, ოთხი საარტილერიო სისტემა, 10 ჯავშანტექნიკა და ორი მანქანა. დონბასის ცაზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10.
"გაერთიანებული ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვით ოპერაციას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. მთელი თავდაცვის ზონის გასწვრივ, მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, მსხვილი კალიბრის ქვემეხებს, ტანკებს, სხვადასხვა სისტემის ნაღმტყორცნებს, ახორციელებს სარაკეტო დაბომბვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მშვიდობიან საცხოვრებელ უბნებზე." - ვკითხულობთ განცხადებაში.