უკრაინა: რუსები სამხედრო აკადემიებს კურსანტებს ნაადრევად ამთავრებინებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა გეგმავს ვადაზე ადრე გაათავისუფლოს სამხედრო უნივერსიტეტების კურსანტები, რათა საოკუპაციო ჯარი ოფიცრებით შეავსოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 13 სექტემბერს ფეისბუქზე ავრცელებს.

"რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იღებს ზომებს საოკუპაციო ჯარების უმცროსი ოფიცრებით შესავსებად. არსებული ინფორმაციით, ნახიმოვის სახელობის შავი ზღვის უმაღლესი საზღვაო სკოლის მეხუთე კურსის კურსანტები სასწავლებელს ნაადრევად, დეკემბერში დაამთავრებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა გაარკვიეს, რომ იუნკერები სამხედრო სასწავლებელს ნაადრევად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც დაამთავრებენ.

"ტაქტიკური დონის მეთაურების დეფიციტი განპირობებულია იმით, რომ რეზერვის ოფიცრებმა უარი თქვეს კონტრაქტის გაფორმებაზე ბოლო მოვლენების [უკრაინაში ომის] ფონზე. მტრის პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ იკლებს", - განმარტა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.

მათი ინფორმაციით, ოკუპანტებს შორის "უფრო და უფრო ფართოვდება თვითდასახიჩრების პრაქტიკა, რათა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა გაიარონ და უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ".

მსგავსი სიახლეები