უკრაინა: რუსეთმა 210 მარიუპოლის დამცველის ცხედარი გადმოგვცა
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის 210 დაღუპული დამცველის ცხედარი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამის შესახებ 7 ივნისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ Telegram-ზე განაცხადა.
"სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით მიმდინარეობს მარიუპოლის დაღუპული დამცველების ცხედრების გადმოსვენების პროცესი, დღეისთვის უკვე დაბრუნებულია 210 ჩვენი სამხედრო. მათი უმეტესობა აზოვსტალის გმირი დამცველია. ყველა გარდაცვლილი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს და თითოეული მათგანი გმირების შესაფერისი პატივით უნდა დაიკრძალოს." - ვკითხულობთ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაამატა, რომ გრძელდება მუშაობა უკრაინაში ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვის დაბრუნებაზე.