უკრაინა: რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში წარუმატებლად უტევდნენ ჩვენ პოზიციებს
რუსი ოკუპანტების შეტევითი ოპერაციები დონბასში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია 17 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გაავრცელა.
"დონეცკის მიმართულებით მტრის დაჯგუფება ცდილობს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ, ბომბავს დასახლებებს არტილერიით. ბახმუტის, კლინოვოიეს, სოლედარისა და ვოლჩოიაროვკას რაიონები მტერმა Су-35-ებით დაბომბა და სარაკეტო დარტყმები განახორციელა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ სევეროდონეცკის მიმართულებით, "არტილერიის მხარდაჭერით, ოკუპანტები ცდილობენ შეტევა განახორციელონ ბოროვენკისა და სევეროდონეცკის დასახლებების მიმართულებით".
"ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობდა გაერღვია ჩვენი ჯარების თავდაცვა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ავდეევკას მიმართულებით მოწინააღმდეგე ახორციელებდა თავდასხმით ოპერაციებს, რათა კონტროლი მოეპოვებინა ნოვობახმუტოვკა-ნოვოსელოვკა ვტორაიას გზის მონაკვეთზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. საოკუპაციო ძალებს შეტევის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ მარინკას დასახლების მიმართულებითაც", - განმარტავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
უკრაინული მხარის თქმით, ბრძოლა გრძელდება კურახოვსკის მიმართულებით, სადაც დამპყრობლები არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით ნოვომიხაილოვკისკენ მიიწევენ.
"სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები ახდენენ ჯარების გადაჯგუფებას და ივსებენ მარაგებს, რათა მოემზადონ სლავიანსკზე შეტევისთვის. მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დოლგენკოეს დასახლების მიდამოში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახდენდა ჯარების გადაჯგუფებას აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევაზე ფოკუსირების მიზნით, რომლის მიზანიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების სრული ოკუპაცია იყო.