უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ავიაციის გამოყენების ინტენსივობა შეამცირეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების წარმატებულმა მოქმედებებმა რუსი ოკუპანტები აიძულა სამხედრო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა შეეცვალათ. ამის შესახებ 7 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
"ჩვენი საჰაერო თავდაცვის წარმატებული მოქმედებების გამო მტრის თვითმფრინავების გამოყენების ინტენსივობა შემცირდა. ახლა რუსების ძალისხმევა მიმართულია სახმელეთო დაჯგუფებების მხარდაჭერაზე და უკრაინის სიღრმეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ "პერსონალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგის გამო, მტერი აგრძელებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სარემონტო ბაზის აქტიურ გამოყენებას".
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 7 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 31 360 რუსი ჯარისკაცი, ასევე 212 თვითმფრინავი და 177 შვეულმფრენი. გასული დღის განმავლობაში განადგურებული თვითმფრინავების და შვეულმფრენების რაოდენობა ორი ერთეულით გაიზარდა.