უკრაინა: რუსული ძალები კიევის რეგიონში შეიჭრნენ

 

უკრაინის სასაზღვრო ძალების ცნობით, რუსული შეიარაღებული ძალები ბელარუსის საზღვრიდან კიევის რეგიონში (ობლასტი) შეიჭრნენ.

რუსულმა საბრძოლო ტექნიკამ საზღვარი ვილჩას საკონტროლო პუნქტთან გაარღვია.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიაქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას ბელარუსის, ყირიმის, ლუჰანსკის მიმართულებებიდან უტევს.

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.

მსგავსი სიახლეები