უკრაინა ზაპორიჟიეს მახლობლად ფორტიფიკაციებს აშენებს - The Economist
რუსეთის მოსალოდნელი შეტევის გამო, ზაპორიჟიეს მახლობლად სიმაგრეები შენდება, მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი მეთაური მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია ჯერ არ არის მზად ამ მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.
ამის შესახებ The Economist წერს.
"უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი ქალაქ ზაპორიჟიეზე თავდასხმისთვის ემზადება, რომელიც ფრონტიდან 30 კილომეტრშია. ზაპორიჟიე ქვეყანაში დარჩენილი სამი მძიმე ინდუსტრიული ცენტრიდან ერთ-ერთი რეგიონული ცენტრია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს და სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს." - ვკითხულობთ სტატიაში.
მასალაში ნათქვამია, რომ რაიონული ცენტრიდან დაშორებით ახალი სიმაგრეები შენდება.
"მიმდინარეობს ველების დანაღმვა, შენდება საინჟინრო ბარიერები, ბეტონისა და რკინის კონსტრუქციები - განსხვავებით დონეცკის რეგიონის უფრო ქაოტური სურათისგან, სადაც სასტიკი ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს," - წერს გამოცემა.
ამავე დროს, აღნიშნულია, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო არ მიიჩნევს ზაპოროჟიეზე თავდასხმას გარდაუვალად.
პოლკოვნიკი ოლექსი ხილჩენკო, "სპარტანის" ოპერატიული მიმართულების მე-3 ბრიგადის მეთაური, რომელიც ახლახან ზაპორიჟიეშია განთავსებული, აღნიშნავს, რომ რუსეთი სხვა მიმართულებაზეა დაკავებული. მისი თქმით, რუსები თავდაპირველ შეტევაზე ორი დივიზიის (20-30 ათასი სამხედრო) გაგზავნას გეგმავდნენ, მაგრამ მათი ნახევარი კურსკის ოლქში გადაიყვანეს.
ამ მოსაზრებას ეთანხმება ზაპოროჟიეს რეგიონში მებრძოლი 118-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაური "ლემბერგი."
"ისინი (რუსები - რედ.) ჯერ არ არიან მზად თავდასხმისთვის, მაგრამ როცა მზად იქნებიან, პირველი დარტყმა ყველაზე მძიმე იქნება," - თვლის ის.
The Economist ასევე წერს, რომ უკრაინის პრობლემები ფრონტზე უარესდება, ძირითადად საკადრო საკითხების გამო. უკრაინულ ჯარს დიდი ხანია პირადი შემადგენლობის დეფიციტი აქვს, რადგან სამობილიზაციო კამპანია ჩაიშალა და დაგეგმილი მოცულობის ორ მესამედს ძლივს მიაღწია.
"უკრაინელი მაღალჩინოსანი შეშფოთებულია, რომ გაზაფხულზე სიტუაცია შეიძლება შეუქცევადი გახდეს," - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ კიდევ უფრო დიდი პრობლემა წვევამდელების ხარისხია. კერძოდ, მათი დიდი ნაწილი 45 წელს გადაცილებულია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.