უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარება მიიღო
9 თებერვალს, საღამოს უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარებით მე-10 თვითმფრინავი ჩაფრინდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე განაცხადა.
"დღეს ბორისპოლის აეროპორტში 'ღია კარის დღეა!' მეცხრე ჩიტის შემდეგ აშშ-დან მე-10 ჩიტი ჩამოფრინდა. 80 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის," - განაცხადა მინისტრმა.
ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ 9 თებერვალს, კიევში შეერთებული შტატების საელჩოს პრესსამსახურმა განაცხადა.
უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი, 200 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი 22 იანვარს მიიღო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 7 თებერვალს განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანამ პარტნიორებისგან 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება და 1000 ტონაზე მეტი შეიარაღება მიიღო.