უკრაინამ ღარიბი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდების პროგრამა დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საერთაშორისო პროგრამის - "მარცვლეული უკრაინიდან" - დაწყების შესახებ, რომლის ფარგლებშიც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქცია აზიისა და აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში გაიგზავნება.
"უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტი, ომის მძიმე პირობებშიც კი და უკრაინის ხელისუფლება მუშაობს გლობალური სტაბილურობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკის თქმით, ინიციატივის ფარგლებში, მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის უკრაინის პორტებიდან შიმშილისა და გვალვის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული 60-მდე გემის გაგზავნა იგეგმება. ეს ქვეყნებია: ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი და იემენი.