უკრაინამ ლატვიისგან Stinger-ები მიიღო
23 თებერვალს უკრაინამ ლატვიისგან საზენიტო სისტემა Stinger-ის ახალი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.
"ლატვიიდან ჩიტები ჩამოვიდნენ! საბრძოლო მასალა და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. და ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი - Stinger-ია. მადლობა ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს! და, რა თქმა უნდა, პირადი მადლობა ლატვიის თავდაცვის მინისტრს, არტის პაბრიკსს და ჩვენს საელჩოებს. მთელ მსოფლიოს ესმის, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე", - წერს ის.
ლატვიის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, რათა გააძლიეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები რუსული აგრესიის შემთხვევაში.
"ლატვია იმედოვნებს, რომ უკრაინას არასოდეს მოუწევს ამ სარაკეტო სისტემების გამოყენება." - ნათქვამია განცხადებაში.