უკრაინამ ATACMS-ებით პირველად დაბომბა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეები

19 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი შეტევა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით.

ამის შესახებ Forbes Ukraine თავდაცვის ძალებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყარომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ბრაიანსკის ოლქში, 67-ე სარაკეტო-საარტილერიო არსენალზე თავდასხმა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტით.

ოფიციალურად, უკრაინის მთავრობისა და სამხედრო ხელმძღვანელობის არცერთ წარმომადგენელს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავდროულად, გენერალურმა შტაბმა დილით დაადასტურა, რომ 19 ნოემბრის ღამეს, თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსული ჯარების ლოგისტიკის არსენალს ბრაიანსკის ოლქის ქალაქ ყარაჩოვის მიდამოში, მაგრამ არ დაუზუსტებიათ რომელი იარაღით მოხდა თავდასხმა.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი წერს, რომ საწყობში იყო საარტილერიო საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეეული ჭურვები, მართვადი ბომბები, საზენიტო რაკეტები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საბრძოლო მასალა.

17 ნოემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად დაუშვა უკრაინელი სამხედროების მიერ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.

ამერიკულ ATACMS-ის რაკეტებს, მოდიფიკაციის მიხედვით, 140-დან 300 კმ-მდე დიაპაზონი გააჩნიათ.

მსგავსი სიახლეები