უკრაინაში 1017 დეოკუპირებული დასახლებიდან 377 ნაღმებისგან გაიწმინდა
უკრაინაში დეოკუპირებული 1017 ქალაქიდან და სოფლიდან 377 გაინაღმა. ამის შესახებ 14 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
"ელექტროენერგია მიეწოდება დასახლებების 86%-ს. გრძელდება გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები დაახლოებით 700 დასახლებაში, 650-მდე ქალაქი და დაბა წყლით არის უზრუნველყოფილი. ადმინისტრაციული ცენტრები, მაღაზიები, აფთიაქები და საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ", - აღნიშნა ტიმოშენკომ.
მისი თქმით, ჰუმანიტარულმა შტაბებმა 950-ზე მეტ დეოკუპირებულ დასახლებაში დაიწყეს მუშაობა.
11 აპრილს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, უკრაინაში დაახლოებით 300 000 კმ²-ის გამოკვლევა და ნაღმებისგან გაწმენდა იყო საჭირო. ეს ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარია.