უკრაინაში პრორუსულ პარტიებს საქმიანობა აეკრძალათ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით პრორუსულ პარტიებს დროებით საქმიანობა აეკრძალათ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის და ამ სახელმწიფოსთან ზოგიერთი პოლიტიკური სტრუქტურის კავშირების გათვალისწინებით, საომარი მდგომარეობის დროს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა შეჩერებულია", - განაცხადა ზელენსკიმ.
საუბარია 11 პოლიტიკურ პარტიაზე: "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის", შარიას პარტია, "ჩვენები", "ოპოზიციური ბლოკი", "მემარცხენე ოპოზიცია", "მემარცხენე ძალების გაერთიანება", "დერჟავა", უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია, უკრაინის სოციალისტური პარტია, სოციალისტების პარტია და ვოლოდიმირ სალდოს ბლოკი.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაევალა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვისთვის.
18 მარტს ლვოვის სასამართლომ სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილ "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერს, პრო-რუს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.