უკრაინელებმა რუსული Su-34 ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა 12 ივნისს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან რუსული გამანადგურებელი Su-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.
მათი ცნობით, რუსული ავიაცია წყვილში მუშაობდა და უტევდა უკრაინის დამცველების პოზიციებს.
"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში დარტყმის შემდეგ, მტრის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა, მეორის პილოტებმა კი გადაწყვიტეს ბედი ეცადათ. ასე მივულოცეთ ოკუპანტებს რუსეთის დღე", - ნათქვამია განცხადებაში.
თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ზუსტდება გადარჩნენ თუ არა მტრის პილოტები.
სარდლობამ დასძინა, რომ იმავე დღეს საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდეს რუსული უპილოტო თვითმფრინავი Orlan-10, ხოლო საჰაერო ძალების დამრტყმელმა თვითმფრინავებმა რამდენიმე საჰაერო იერიში განახორციელეს საოკუპაციო ძალების პოზიციებზე.
"ძლიერი დარტყმები მივაყენეთ მტრის ტექნიკას და ცოცხალ ძალას. საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება", - ნათქვამია განცადებაში.
რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 213 თვითმფრინავი და 585 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.