უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში ორი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს
ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ჯარების 12 თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრმა ფეისბუქზე 17 აპრილს განაცხადა.
"დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა და ჩვენმა ჯარისკაცებმა ოსტატურად მიაყენეს ზიანი რუს ოკუპანტებს. კერძოდ, უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 10 ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, 15 ჯავშანტრანსპორტიორი და მოწინააღმდეგის ხუთი მანქანა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა დონბასის ცაზე ჩამოაგდეს ორი Mi-24 ვერტმფრენი და ერთი Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი." - ნათქვამია განცხადებაში.
კვირის განმავლობაში გაერთიანებულმა ძალებმა დონბასში რუსი დამპყრობლების 58 თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს 37 ტანკი, 24 საარტილერიო სისტემა, 61 ჯავშანმანქანა და 51 მანქანა, ხუთი ვერტმფრენი, 17 უპილოტო საჰაერო აპარატი და ორი ფრთოსანი რაკეტა.