უკრაინის არმიამ დნეპრის მარცხენა ნაპირზე ჯავშატექნიკის გადასხმა დაიწყო

ბოლო კვირებში პლაცდარმის გაფართოების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდა მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი OSINT ანალიტიკოსები და რუსი Z-ბლოგერები ავრცელებენ. 

საუბარია სოფელ კრინკიზე, რომელსაც ბოლო ცნობებით უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებენ და სადაც ბოლო 24 საათში უკრაინული ჯავშანტექნიკა შენიშნეს. 

პროექტი WarGonzo წერს, რომ ЗСУ-ს მიერ მარცხენა ნაპირზე ჯავშანტექნიკის გადასხმის მცდელობის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს. 

"ЗСУ-ს აქვს პლაცდარმები პოიმას, პოდსტეპნოესა და პესჩანოვის მიდამოებში მდებარე კუნძულებზე. რუსეთის არმია ცდილობს უკრაინელი საზღვაო ქვეითების შევიწროებას კრინკიში, ЗСУ-ს წინააღმდეგ მუშაობს შორეული შეიარაღება, ამ დროისთვის რუსეთის არმიის მოქმედებები წარუმატებელია. მეტიც, ე.წ. ნაცრისფერი ზონა მარცხენა ნაპირზე მდებარე ამ დასახლებაში ფართოვდება",-წერს WarGonzo. 

მარცხენა ნაპირზე გადასხმული უკრაინული ჯავშანტექნიკის ფოტოს ავრცელებს ტელგრამ არხი რომანოვ ლაიტი. "მოწინააღმდეგე ინარჩუნებს პოზიციებს და გარდა ამისა, გადმოჰყავს ჯავშანტექნიკა ჩვენს ნაპირზე",- წერს ტელეგრამ არხი მედესანტის დღიური

სამხედრო ექსპერტების შეფასებით მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის გაფართოება შესაძლოა ЗСУ-ს უფრო მასშტაბურ ჩანაფიქრზე მიუთითებდეს. 

"აქცენტი კაზაჩიე ლაგერის, კრინკისა და ქალაქ ალეშკის დამაკავშირებელ გზებზე კეთდება. ამ გზების კონტროლი ЗСУ მისცემს საშუალებას რამდენიმე ნაწილად გაჭრას რუსეთის არმიის შენაერთები, რაც გაუმარტივებს უკვე დაკავებული მონაკვეთზე კონტროლის გამყარებას",- წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი რიბარი

კონტექსტი 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე პირველი პლაცდარმი ივნისში დაიკავეს. საუბარია ანტონოვის აფეთქებული ხიდის მიდამოებზე. ხიდის მიდამოებში რუსეთის ავიაციისა და არტილერიის აქტიურობის მიუხედავად უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე ინარჩუნებენ პლაცდარმს ხიდის მიდამოებში. 

უკრაინული ანალიტიკური პროექტის Deep State-ის ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 0.4 კვადრატული კილომეტრიდან 5.5 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. 

მეორე პლაცდარმის დაკავება უკრაინელმა მებრძოლებმა ოქტომბრის მეოერე ნახევარში დაწყებული ოპერაციის შედეგად შეძლო. საუბარია სოფელ კრინკიზე, რომელიც ამ დრომდე უკრაინელთა კონტროლქვეშაა. 

 

მსგავსი სიახლეები