უკრაინის არმიამ წინ წაიწია შეტევის 3 მიმართულებით

რუსმა სამხედროებმა დატოვეს სოფელი ზაპორიჟიის ოლქში მდებარე დასახლება პიტიხატკა, რომელიც ქალაქ ვასილივკადან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. 

ეს პირველი არსებითი წინსვლაა უკრაინული დანაყოფების ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთზე უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში. 17 ივნისს ვრცელდებოდა ცნობები უკრაინის არმიის წინსვლა 2 სხვა მიმართულებითაც. 

ზაპორიჟიის ოლქში უკრაინის არმიის წინსვლაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს უკრაინის გენერალური შტაბი, თუმცა ამას ადასტურებენ რუსული წყაროები და Z-ბლოგერები. თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი Рыбарь-ის ცნობით, რუსულმა დანაყოფებმა დასახლება ხანგრძილივი ბრძოლის შემდეგ დატოვა. 

ЗСУ-ს წინსვლას ფრონტის ამ მონაკვეთზე ადასტურებენ სხვა ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებიც, მათ შორის ზაპორიჟიის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმიის წინსვლა ბოლოს 7 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ЗСУ-ს დანაყოფებმა სოფელი ლობკოვე გაათავისუფლეს. ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდეგი სამიზნე დასახლება ვასივკა იქნება, რომელზეც გადის მელიტოპოლთან დამაკავშირებელი ავტო მაგისტრალი. 

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები უკრაინის არმიის წინსვლის შესახებ ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, გასული 36 საათის განმავლობაში ЗСУ-მ ამ მონაკვეთზე 24 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა. 

კონტექსტი 

უკრაინის მიმდინარე კონტრიერიშზე დასავლური წყაროები წერდნენ, რომ რუსეთის არმიის მოქმედებები უფრო კოორდინირებულია და ეფექტურია, ვიდრე გასულ თვეებში. 

დასავლელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, ყველაზე დიდ პრობლემას უკრაინის არმიისთვის ჰაერში რუსეთის ავიაციის დომინირებაა, რომლის ფონზეც თვეების განმავლობაში კარგად გამაგრებული თავდაცვის ხაზებისა დაძლევა რთული ამოცანაა.

მსგავსი სიახლეები