უკრაინის დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ბელორუსისგან საფრთხე არ ემუქრება
ამ დროისთვის ბელორუსის მხრიდან უკრაინას საფრთხე არ ემუქრება და თუ გამოჩნდება, "ადეკვატური ქმედებები" იქნება მიღებული. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
"ამ ეტაპზე ბელორუსის მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობს. ეს შემიძლია გითხრათ აბსოლუტური დარწმუნებით. დამშვიდდით, სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია", - განაცხადა ბუდანოვმა.
მან აღნიშნა, რომ ბელორუსიაში მართლაც გრძელდება სამხედრო შეხვედრები, წვრთნები, საზღვრის გაძლიერება და მიმდინარეობს მთელი რიგი სამხედრო მოქმედებები.
"მაგრამ ისინი არ არიან მიმართული ამ ეტაპზე უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გატარებაზე. თუ მათ ასეთი აზრები ექნებათ, ჩვენ ამის შესახებ მაშინვე გავიგებთ და ადეკვატურ ზომებს მივიღებთ", - თქვა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.