უკრაინის დაზვერვა: გავანადგურეთ რუსული Tu-134
13 ოქტომბრის ღამეს, რუსულ აეროდრომ ორენბურგ-2-ზე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Tu-134 დაიწვა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა.
ეს ინფორმაცია Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ 14 ოქტომბერს გაავრცელა.
"ეს საბჭოთა თვითმფრინავები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უფროსი პერსონალის გადასაყვანად გამოიყენება," - ნათქვამია პოსტში.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსული თვითმფრინავი იწვის.
იმავდროულად, "რადიო თავისუფლება" ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კადრებში თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომრების ამოცნობა შეუძლებელია.
ორენბურგ-2 არის სამხედრო აეროდრომი, რომელიც ორენბურგის სამხრეთ-დასავლეთით, 6 კილომეტრში მდებარეობს. რუსული მედიის ცნობით, იქ განლაგებულია 6956-ე საჰაერო ბაზა, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის (61-ე საჰაერო არმია) მე-12 სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო დივიზიის ნაწილია.
რუსულ მხარეს ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი ორენბურგ-2-ის სამხედრო აეროდრომზე ხანძრის შესახებ.