უკრაინის დაზვერვა: რუსული გემი ბერდიანსკში აგენტების დახმარებით გავანადგურეთ
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსული სადესანტო გემის, "სარატოვის" განადგურების ოპერაცია რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი აგენტების მონაწილეობით განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ჟურნალ Coffee or Die Magazine-თან ინტერვიუში 27 მარტს განაცხადა.
მან განმარტა, რომ ალიგატორის კლასის რუსულ სადესანტო ხომალდს რაკეტა "სწორ მომენტში" მოხვდა. მისი თქმით, რაკეტა ჩამოვარდა სწორედ მაშინ, როდესაც საწვავით დატვირთული ავტომობილები და საბრძოლო აღჭურვილობა მიუახლოვდა გემს.
ბუდანოვმა არ დააკონკრეტა რუსეთის ფედერაციის რომელ სპეცსამსახურში მუშაობენ უკრაინის დაზვერვის აგენტები.
მისი თქმით, უკრაინამ შეაღწია "რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური სექტორის ბევრ ფენაში". აგენტურული ქსელიდან მიღებული ინფორმაცია უკრაინის ინტერესებისთვის გამოიყენება.